26 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
გეგიძის სუს-ში დაბარება მის პოლიტიკურ განცხადებებს არ უკავშირდება - ზოიძე

სუს-ში, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბიძინა გეგიძის დაბარებას მისი თანაგუნდელი, აკაკი ზოიძე ეხმაურება.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის ამჟამინდელ საქმიანობას არ უკავშირდება. ზოიძე ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე, რომლის ირგვლივაც გეგიძეს გამოკითხვაზე იბარებენ, გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო.

სწორედ ამიტომ, ზოიძისთვის მიუღებელია ოპოზიციის განცხადებები, რომ გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერაზე უარის თქმას უკავშირდება. 

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, გეგიძის დაბარება გამოკითხვაზე არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა, ოპონენტების მიერ ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება მისთვის მიუღებელია.

გეგიძე გომელაურის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. დეპუტატმა თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე დაწერა და მიუთითა, რომ სუს-ში ამ დღეებში მივა. ბიძინა გეგიძე ”კურიერთან” სატელეფონო საუბრის დროს არ აკონკრეტებს, რის გამო გახდა მისი გამოძახება აუცილებელი ანტიკორუფციულ სააგენტოში, თუმცა ამბობს, რომ მეტ ინფორმაციას დღეს ბრიფინგზე გაასაჯაროვებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განმარტავენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახით არის დაბარებული 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები