07 დეკემბერი 2019,   12:35
ვრცლად
არ გაღელვებთ, რომ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოთ ადამიანებთან ერთად, ვისაც უსამართლო რეჟიმის შემოქმედებად მივიჩნევდით? - ბესელია თადუმაძეს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტში დიპლომებისა და გახმაურებული საკითხების შესახებ დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათია პასუხობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით დეპუტატმა ეკა ბესელიამ მიმართა.  

ეკა ბესელიამ გენერალურ პროკურორს ჰკითხა,  აღელვებს თუ არა შალვა თადუმაძეს ის ფაქტი, რომ უზენაეს სასამართლოში საქმიანობა უნდა განახორციელოს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც მიიჩნევდნენ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებად.

"მართლა არ გაღელვებთ ის, რომ უზენაეს სასამართლოში თქვენ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მეც და თქვენც ერთად მივიჩნევდით, როგორც იმ უკანონო, ძალადობრივი, უსამართლო რეჟიმის შემოქმედებს. მაგალითად, ქალბატონ ალანიას, ბატონ გეწაძეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შალვა თადუმაძემ ბესელიას უპასუხა, რომ მან შოთა გეწაძესთან ერთად განახორციელა მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებას გულისხმობს.

“მგონია, რომ ეს კითხვა მათ ეკუთვნით და მე არ მეკუთვნის. მე არ მაღელვებდა მაშინ, როდესაც მათთან შევდიოდი სასამართლო პროცესზე და არც ახლა არ მაღელვებს. მით უმეტეს, ამ ორ შემთხვევაში, უპირატესობა ჩემს მხარეს იყო. მე ბატონ გეწაძესთან ერთად განვახორციელე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებას და ჩემთვის დიდი პატივი იყო,“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ

გარდა ამისა, ეკა ბესელიამ თადუმაძეს ჰკითხა შოთა გეწაძის შესახებაც, რომელიც უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატთა სიაშია. ეკა ბესელია დაინტერესდა, რას ფიქრობს თადუმაძე იმ ფაქტის შესახებ, რომ გეწაძემ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა შეუჩერა.

„ბატონი გეწაძის გადაწვეტილება, რომელმაც თქვა, რომ სწორად ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილს, სამართლიანი გადაწყვეტილება იყო?“ - მიმართა ეკა ბესელიამ შალვა თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო დარბაზში მისი აცილების საფუძველიც დააფიქსირა.  

 

დღის ამბები