20 ნოემბერი 2019,   00:12
ვრცლად
თაღლითი თუ მსხვერპლი - რუს ჰაკერს რუსეთში ექსტრადირებისას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს

რუსი ჰაკერების საუკეთესო სამეულში შემავალი იაროსლავ სუმბაევი რუსეთში ექსტრადირებას გლდანის ციხეში ელოდება. სუმბაევი საქართველოში ერთი წლის წინ დააკავეს.

რუსეთს ძებნა თაღლითობის საქმეზე ჰქონდა ოფიციალურად გამოცხადებული, თუმცა რუსი ჰაკერის ადვოკატის განცხადებით, მას რეალურად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაზე უარის გამო დევნიან.
რუსი ჰაკერის ექსტრადირების საკითხი ბოლო ეტაპზეა. სუმბაევის ერთადერთი შანსი ახლა სტრასბურგის სასამართლოა, რომელსაც მისი ექსტრადირების შეჩერება შეუძლია.

"არ გადასცე იაროსლავ სუმბაევი პუტინს" - ამ მოწოდებით ადვოკატები და ადამიანის უფლებადამცველები დღეს იუსტიციის სამინისტროსგან რუსი ჰაკერის ექსტრადირების შეჩერებას მოითხოვდნენ. სამართლებრივის გარდა, აქციის მონაწილეებს პრეტენზიები პოლიტიკური მიმართულებითაც აქვთ და იუსტიციის სამინისტროს რუსეთის ინტერესის გატარებაში ადანაშაულებენ.

გასული წლის ნოემბერში საქართველოში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის გადაცემას რუსეთის ფედერაცია რამდენიმე თვეა მოითხოვს. პირველ მაისს ჰაკერის ექსტრადირება დასაშვებად ჯერ საქალაქო სასამართლომ ცნო, გასაჩივრების შემდეგ კი იგივე გადაწყვეტილება თვის ბოლოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა. სუმბაევის ინტერესების დამცველები ამჯერად სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

დღევანდელ აქციას იუსტიციის სამინისტროდან არავინ გამოხმაურებია, თუმცა ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბოლო განმარტება თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა. მინისტრის თქმით, პატიმარს საკუთარი უფლებების დასაცავად, მათ შორის სტრასბურგში საქმის წარმოებისთვის საკმარისი დრო ექნება. ამასთან, წულუკიანმა ისიც განმარტა, თუ რის საფუძველზე დაეთანხმა ექსტრადირებას ქართული სასამართლო.

რუსი ჰაკერის ექსტრადირებაზე ქართული მხარის თანხმობას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ოპოზიცია. რაც შეეხება მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებაში" დღეს ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

იაროსლავ სუმბაევი, რომელიც რუსეთში უძლიერესი IT სპეციალისტების სამეულში ჰყავთ შეყვანილი, არაერთ თაღლითურ დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის არის დიდი ოდენობით ფულის მითვისება რკინიგზის გაყიდული ბილეთებიდან, ასევე, თანხების მოხსნა ბანკომატებიდან.

ჰაკერის მიმართ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ინტერესი განსაკუთრებით 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა. მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის ორგანიზებაში, რომელიც სწორედ სუმბაევის საქმეს იძიებდა. ჰაკერი, რომელიც მკვლელობის დროს საქართველოში იმყოფებოდა, დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები