26 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
რამდენია სასჯელი მთვარის მოტაცებაზე და რა განაჩენს გამოუტანდნენ არსენა მარაბდელს - გოცირიძის და მიქაუტაძის ლიტერატურული გასაუბრება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის პარლამენტში მოსმენის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ტრადიციულად კანდიდატის განათლებით და ქართული ლიტერატურის ცოდნით დაინტერესდა.

"არსენა მარაბდელი გაგიგონიათ? რას ამბობს ხალხი არსენაზე, მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა, თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა მთელი თავისი ქონება და ღარიბებს დაურიგა და მოვიდა ეგ საქმე თქვენთან?"- მიმართა გოცირიძემ მიქაუტაძეს და დაინტერესდა რა განაჩენს გამოუტანდა ის არსენა მარაბდელს.

"თუ დამნაშავე იქნებოდა გამამტყუნებელს... თუ უკანონოდ წაართვა, დამნაშავეა, ბუნებრივია. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემდგომში როგორ განკარგა, ბატონმა არსენამ არ აქვს მნიშვნელობა,"- განაცხადა მიქაუტაძემ.

რომან გოცირიძის შემდგომი კითხვებიც ლიტერატურიდან იყო:

"რამდენი არის სასჯელი მთვარის მოტაცებაზე?.. ვინ მოიტაცა მთვარე? ვინ დაწერა მთვარის მოტაცება?"

ამ სამი კითხვიდან მიქაუტაძემ მხოლოდ ავტორთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ, დანარჩენზე კი აღნიშნა, რომ არ უპასუხებდა:

"პატივს ვცემ იუმორის გრძნობას მაგრამ ამისთვის არ ვარ აქ მოსული,"- უპასუხა მიქაუტაძემ რომან გოცირიძეს. 

დღის ამბები