26 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
ახალი სკანდალი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ - მოატყუეს თუ არა ფილმში მონაწილე ბავშვების მშობლები 

შვედურ-ქართული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმში პორნოგრაფიის ნიშნებს ვერ ხედავს და ის არ აიკრძალება, თუმცა "ქართულმა მარშმა" აღმოაჩინა მშობელი, რომელიც მისი არასრულწლოვანი შვილის მონაწილეობის გამო ფილმის აკრძალვას ითხოვს.

"ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დღეს მშობლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და პარალელურად საგამოძიებო უწყებას რეჟისორ ლევან აკინის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოსთხოვა.

როგორც სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, ლევან აკინის  ფილმში პატარა ბავშვები მოტყუებით და თაღლითობით გადაიღეს და მშობლებმა ფილმის თემატიკის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ფილმში მონაწილე ბავშვები სტუდია "მეორე სახლის" მოსწავლეები არიან. სტუდიის დირექტორს ფილმის კონტენტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ნინო მესხი ამბობს, რომ ეს მისთვის მაგალითი გახდება.

მუსიკოსი მალხაზ ქოიავა ირწმუნება, რომ ფილმის სცენარის ასეთ განვითარებას ვერ წარმოიდგენდა. როგორც თავად ყვება, მას ქართულ ტრადიციულ ფილმში გადასაღებად ეპატიჟებოდნენ.

ფილმის ჩვენების შეჩერება მოსთხოვეს შინაგან საქმეთა სამინიტროს "ქართულმა მარშმა", მისმა მხარდამჭერებმა და ლევან ვასაძემ, თუმცა უწყებამ ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" დანაშაულის და პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა და განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა.

დაპირისპირებული მხარეების ქმედებებსა და განცხადებებში კითხვის ნიშნებს ხედავს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია საგამოძიებო უწყებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

კინოთეატრებთან მიმდინარე აქციების შინაარსით დაინტერესებას ითხოვს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი". როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, პროტესტი პრემიერის დღეებში ჰომოფობიური ხასიათის იყო და ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს.

ვიდრე "ქართული მარში" საერთაშორისო სკანდალს მოამწიფებს, ლევან აკინის ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ" უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები