26 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
გამჭვირვალე პროცესმა ნათელი გახადა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები - მესამე სექტორი უვადო მოსამართლეების განხილვაზე

უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელს შორის საუბრის მთავარი თემა იყო.

შეხვედრის ყველა მონაწილე თანხმდება, რომ პროცესი გამჭვირვალობის კუთხით დადებითია, თუმცა მათივე შეფასებით, სწორედ ამ გამჭვირვალობამ ნათელი გახადა არსებული პრობლემები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრით კმაყოფილია. ანრი ოხანაშვილის ​თქმით, კონსულტაციები პარლამენტში გაგრძელდება. ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება საკომიტეტო სხდომა და კენჭისყრის პროცედურა მიმდინარე კვირას არ ჩატარდეს.

"გავცვალეთ ჩვენი პოზიციები, ჩემი დამოკიდებულება არის და ვფიქრობ, რომ გუნდიც გაიზიარებს ამ პოზიციას, ამ კვირაში არ ჩავატაროთ საკომიტეტო სხდომა და კენჭისყრის პროცედურა, ეს კვირა გვქონდეს მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის, აზრის გაცვლისთვის, მოვუსმინოთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე მე მექნება კონსულტაცია სახალხო დამცველთან," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები უკეთესი სასამართლო სისტემის მისაღებად.  

"პროცესი წარიმართა უპრეცედენტო გამჭვირვალობით, რამაც გამოააშკარავა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები," - აცხადებს ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები