26 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
"ვინმეს სჯერა იმის, რომ პაიკები აუმხედრდეს მეფეს?" - ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ უმრავლესობაში განხეთქილებაა  

"ვპირდებით ბიძინა ივანიშვილს, რომ ის გადაყვება ამ საკითხს და რეაქცია იქნება უმწვავესი“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში შეუთანხმებლობასთან დაკავშირებით გააკეთა. 

როგორც ხოშტარია ამბობს, თუ უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ შეთანხმდება, ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება და ბიძინა ივანიშვილს ძვირად დაუჯდება.

"გახარიამ, ივანიშვილმა, ვისაც უნდა მოაგვარონ თავის მორჩილ მაჟორიტარებთან ეს საკითხი. ვერავის ვერ მოატყუებენ, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მე არ მაინტერესებს საერთოდ ხალხის აზრი არაფერზე... ოცნებაც კი ამბობს, რომ დღეს პროპორციული არის სტაბილური პოლიტიკური ცხოვრების გარანტი. ამიტომ, მე წინასწარ არ მინდა კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრო, მაგრამ ვპირდებით ბიძინა ივანიშვილს, რომ ის გადაყვება ამ საკითხს და რეაქცია იქნება უმწვავესი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარია.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს არ სჯერა, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა და რომ გარკვეული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან.

"ვინმეს სჯერა იმის, რომ პაიკები აუმხედრდეს მეფეს? უჩინართა ბუნტია, ასე შეიძლება ეს. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ბიძინა ივანიშვილი 7 საათის განმავლობაში კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილს. უნდა იცოდეს ივანიშვილმა დღეს, შესაძლებელია ეს იყოს მისი უკანასკნელი ტყუილი. ხომ გაგიგონიათ უკანასკნელი ტანგო პარიზში, ეს იქნება უკანასკნელი ტანგო თბილისში ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს "პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი. ინაშვილის განცხადებით, თუ შეთანხმება არ მოხდება, პროცესების ქუჩაში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

"მე მაქვს კითხვა - ნუთუ მაჟორიტარ დეპუტატებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში მეტი წონა აქვთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს? ანუ არ ემორჩილებიან საკუთარი პარტიის თავმჯდომარეს? ეწინააღმდეგებიან მის ინიციატივას? მაშინ ეს რა გუნდია?“ - ამბობს ირმა ინაშვილი.

 

დღის ამბები