30 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
დაპირისპირება პირდაპირ ეთერში და წყობიდან გამოსული ახალი დირექტორი - კონფლიქტი აჭარის ტელევიზიაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ტელევიზიის ახლადდანიშნულ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, უპირისპირდებიან.

ტელევიზიის დირექტორად არჩევიდან რამდენიმე საათში გიორგი კოხრეიძის პირველი სტუმრობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. გადაცემის წამყვან თეონა ბაკურიძესა და მაუწყებლის ახალ მმართველს შორის ცხარე კამათი და ყვირილი საჯარო მოხელის მიმართ კითხვების დასმის საკითხს მოჰყვა.

გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტებს რესპონდენტებთან ურთიერთობის კულტურა დაუწუნა. მისი თქმით, არხმა სახელისუფლებო პარტიის წევრ სტუმარს ისეთი კომფორტული სიტუაცია უნდა შეუქმნას, რომ მას ეთერში სტუმრობა სურდეს.

თეონა ბაკურიძე ამბობს, რომ მისმა პირველმა ინტერვიუმ დირექტორთან საზოგადოებას სწორედ ის რეალური საფრთხეები დაანახა, რაზეც ჟურნალისტები მანამდეც საუბრობდნენ. საინფორმაციო სამსახურის გუნდში აცხადებენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით ახალი მმართველის მითითებები ღია ეთერში უკვე ისმოდა.

მაუწყებლის ახალი დირექტორი გუშინდელ ეთერს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას, საკუთარ განცხადებებს კი ემოციურს უწოდებს. გიორგი კოხრეიძე ფიქრობს, რომ მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი თანამშრომლები გულწრფელები არ არიან და ისინი რეალურ სახეს მალე გამოაჩენენ.

ჟურნალისტების მიერ დანახულ საფრთხეებს რეალურს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მესამე სექტორში შიშობენ, რომ მაუწყებელში არასასურველი ჟურნალისტების ჩამოშორების პროცესი დაიწყება, ბორდის წევრები კი ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებენ.

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი მრჩეველთა საბჭოს წევრები ამბობენ, რომ კოხრეიძის მმართველობის პირობებში სარედაქციო პოლიტიკის სამთავრობო ინტერესების სასარგებლოდ შეცვლის საფრთხეს ვერ ხედავენ, კანდიდატს კი მხარი საუკეთესო პროფესიული გამოცდილების გამო დაუჭირეს.

მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ პროსამთავრობო დირექტორს სამთავრობო პოზიციების დაცვის ვალდებულება არ აქვს, სარედაქციო პოლიტიკის განვითარების მიმართულებას კი დრო აჩვენებს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილიდან, მას შემდეგ იყო, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს. ამ ხნის განმავლობაში მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა. აჭარის ტელევიზიამ დირექტორად გიორგი კოხრეიძე მეოთხე მცდელობაზე აირჩია. მას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი, არჩევნის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

დღის ამბები