26 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
ეკა ბესელიამ მოსამართლეობის კანდიდატების გახმაურებული საქმეები გაიხსენა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებზე ისაუბრა, ვინც, მისი თქმით, ამ სტატუსს არ იმსახურებს.

ბესელიამ ყველა ის გახმაურებული საქმე გაიხსენა, რომელიც მოსამართლეთა სხვადასხვა კანდიდატის სახელს უკავშირდება. 

"ჩემთვის ეს ყველაზე მძიმე საყურებელი და მოსასმენია, როდესაც "ქართული ოცნება" ლაპარაკობთ იმ წარსულის ძალადობრივ სისტემაზე და გინდათ, რომ გაემიჯნოთ, არ დაემსგავსოთ, უარესი არ გახდეთ, და ცდილობთ ამტკიცოთ, რომ ებრძვით იმ წარსულს.

აი ვინ არის ამ სიაში: ერთ-ერთი გამორჩეული წარსული ძალადობრივი სისტემის - თამარ ალანია. მოსამართლე, რომლის მიერაა ნამსჯელი ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორიცაა "ყუფარაძის საქმე", "მუხროვანის ამბოხის" საქმე. მოსამართლე, რომელმაც აქ, ამ დარბაზში თქვა, რომ არ ნანობს არაფერს, რასაც წარსულში აკეთებდა და არაფერი აქვს გამოსასწორებელი. ადამიანი, რომელიც ასრულებდა იმ დავალებებს, რასაც მაშინ იღებდა და არაფერი არ ჰქონდა ამას საერთო სამართლიანობასთან.

გიორგი მიქაუტაძე აჯარიმებდა და ატერორებდა "ქართული ოცნების" იმ აქტივისტებს, რომელიც 2012 წელს იდგნენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო.  ეს ადამიანი გყავთ სიაში, რომელიც იმ 10 კაციან სიაშიც იყო. 

პაატა სილაგაძის მიერ განხილულია იმ არაერთი ადამიანის საქმე, რომელზეც პოლიტიკური ვერდიქტები დაადგინა შემდეგ პარლამენტმა. ეს ის სილაგაძეა, რომელიც ელემენტარულ ტესტებს ვერ პასუხობდა.

მერაბ გაბინაშვილი მეორდება 10 კაციანი სიიდან და არის 20 კაციან სიაში.

შოთა გეწაძემ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ზუსტად შეასრულა დავალება, რომელიც მაშინ მიიღო.

მირანდა ირემაძემ დააპატიმრა ის 99 ადამიანი, ვინც 15 ივნისს, მშვიდობიანად აპროტესტებდნენ მათი თანამებრძოლების დაკავებას, სასტიკად დაარბიეს, ცემეს და ყველანი ესენი დააპატიმრეს. ეს ის ადამიანია, რომელიც კონვეირული წესით იღებდა გადაწყვეტილებას," - განაცხადა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ხდომაზე.

დღის ამბები