27 აპრილი 2024,   22:57
ვრცლად
ვაჟა ექიმმა თავი გაწირა, "ოცნება" კი ოპონენტებს და ამერიკელებს დასდევს - ელენე ხოშტარია

ოპოზიცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა მიესაჯა, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური მუშაობის გზით რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს. 

"ეს არის რუსეთის სასტიკი სახე, რომელიც ადამიანებს კლავს, აპატიმრებს და შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს. თავად ვაჟა ექიმმა, რომელსაც შეეძლო ხელი მოეწერა იმაზე, რომ საზღვარი გადის იქ, და პრაქტიკულად, თავი გაწირა იმის გამო, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს მთელმა მსოფლიომ, ამ დროს რას შვრება ჩვენი ხელისუფლება: გარდა იმისა, რომ ხმამაღლა არ ყვირის ამაზე, მთელი მისი ენერგია მიდის ოპონენტების დევნასა და ამერიკელების ლანძღვაზე.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით ხმამაღლა პროტესტი, რომ დაინახოს მთელმა მსოფლიომ, ასევე ქვეყნის გარეთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოხდეს რუსეთზე,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი კამპანია უნდა დაიწყოს. 

"ხელისუფლებამ არ მიმართა სათანადო ძალისხმევა მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ხისტი ყოფილიყო მისი პოზიცია და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის გატაცებების და ტყვეობების, დაეყენებინა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კამპანია, მთელს მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ რომ ვაჟა ექიმი ტყვეობაშია,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება, რომელსაც გაფრინდაშვილი არ აღიარებს.

დღის ამბები