28 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
ერეკლე კუხიანიძე დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს

ვაჟა გაფრინდაშვილზე და მის ოჯახზე გავრცელებული განცხადების გამო, სკანდალში გახვეულმა საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ოპონენტებთან დაკავშირებით უმრავლესობას კონკრეტული რჩევა მისცა, რის შემდეგაც სხდომა დატოვა.

ერეკლე კუხიანიძე, რომელიც ყოფილი თანაგუნდელებისგან სხვა გადაწყვეტილებას ელოდა, საკუთარ თანამდებობებთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგებს არ დალოდებია. ჟურნალისტებთან კი განმარტა, რატომ არ დატოვებს დეპუტატის მანდატს.

კუხიანიძის გამოსვლის შემდეგ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, დეპუტატთან მუშაობა მათთვის რთულია, თუმცა მისთვის დისკომფორტის შექმნას არასდროს მოერიდებიან.

ოპონენტების თქმით, ერეკლე კუხიანიძის მხრიდან დეპუტატის სტატუსის ტარება ვაჟა გაფრინდაშვილის წინაშე დანაშაულის ტოლფასია. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ მანდატის დატოვება კუხიანიძის მორალური პრეროგატივაა.

კენჭისყრას წინ იურიდიული კომისიის სხდომა უძღოდა, სადაც კუხიანიძის ფრაქციიდან გარიცხვის საკითხის განხილვისას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კუხიანიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მმართველი გუნდში კი განმარტეს, რომ მათ კუხიანიძის წინააღმდეგ შესაძლო ყველა ზომა გამოიყენეს.

საკრებულოს სხდომაზე მოულოდნელად გამოჩნდა სკანდალში გახვეული უმრავლესობის მორიგი დეპუტატიც. ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, "კურიერის" კითხვები უპასუხოდ დატოვა.

საკრებულოს 33 დეპუტატის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.

ის აღარც "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრია და აღარც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე.

ავტორი:ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები