28 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
თბილისის 1,021 მლრდ-იანი ბიუჯეტი - ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კალაძის ინტერესებზე მორგებულს უწოდებს

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ჯამური მოცულობა 1021400600 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 432 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურული ხარჯებია გათვალისწინებული, სოციალურსა და ჯანდაცვის საკითხებზე დაახლოებით 317 მილიონი დაიხარჯება, ექსპლუატაციის მიმართულებაზე 98 მილიონ ლარამდე, კულტურულ ღონისძიებებზე 14 მილიონი, სხვა მიმართულებებსა და ეკონომიკის განვითარებაზე კი მთავარი საფინანსო დოკუმენტიდან 35 მილიონ ლარამდეა გათვლილი.

ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობა მასშტაბურს უწოდებს, ოპოზიციის შეფასებით მერის ინტერესებსა და ბიუროკრატიულ ხარჯებზეა მორგებული და თბილისელების საჭიროებებს ვერ ასახავს.

უმრავლესობა ოპოზიციის შენიშვნებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მომავალი წლის განმავლობაში მისი ჯამური მოცულობა მეტად გაიზრდება და ის მილიარდ 300 ათას ლარსაც მიაღწევს, რომელიც სხვადასხვა სოციალურ საკითხებს, ტრანსპორტის რეაბილიტაციას და ყველა იმ საჭიროებას დააკმაყოფილებს, რომლის წინაშეც დღეს დედაქალაქის მოსახლეობა დგას.

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პარალელურად - ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა 2019 წლის უკვე შესრულებული ბიუჯეტიდან საახალწლო დეკორაციებისთვის გამოყოფილი თანხა. მთავარი აქცენტი თბილისის მთავარ ნაძვის ხეზე გაკეთდა, რომელიც დედაქალაქის მთავრობას მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და რომლის ვიზუალმაც არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

"გემოვნებაზე არ დაობენ" - ასე პასუხობს მმართველი გუნდი ნაძვის ხესთან დაკავშირებულ კრიტიკას. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ხის ღირებულება მის ხარისხთან ადეკვატურია და ის ტურისტული თვალსაზრისით დამატებით შემოსავალსაც მოიტანს.

დედაქალაქის მერისთვის თბილისის ცენტრში უკვე ანთებული ნაძვის ხე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოა და ფასსაც შეესაბამება.

თბილისის მერს ხვალ უკვე მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მოუწევს საუბარი. 2020-ის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე სავარაუდოდ კახა კალაძე წარადგენს, რის შემდეგაც ის უკვე დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები