26 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშებს იძულების წესით აიღებენ - საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი

გლდანის ციხეში გიორგი რურუასთან საქმის გამომძიებელი და მისი ადვოკატები იმყოფებიან. პროცედურა ისევ მის დნმ-ს ეხება. რურუამ სინჯების აღებაზე უარი განაცხადა, რის მერეც მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ახალი მუხლი დაუმატა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

უკვე ცნობილია, რომ გიორგი რურუასგან დნმ-ს ნიმუშებს იძულების წესით აიღებენ, ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. მისი თქმით, ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და გამოიყენებენ პროპორციულ ძალას, რადგანაც ეს არის სასამართლო განჩინება და აუცილებელია აღსრულდეს.

"როგორ ჩავატარებთ - შედეგებს მოგახსენებთ დასრულების შემდგომ. წინასწარ რა მოხდება არ ვიცი, ვერ გეტყვით. კი ახალი განჩინებაა სასამართლოს განჩინება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით, რაც სასამართლოს განჩინებაშია მითითებული. თუ საჭირო იქნება პროპორციული ძალის გამოყენება, შესაბამისად გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას," – აცხადებს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.

შეგახსენებთ, რომ ეს დნმ-ს ნიმუშის ჩაბარებაზე სასამართლოს უკვე მეორე განჩინებაა. უკვე საათზე მეტია საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და გიორგი რურუას ინტერესების დამცველები გლდანის ციხეში იმყოფებიან.

დღის ამბები