26 აპრილი 2024,   10:05
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე დაკავებულებები - 4 პირის სასამართლო პროცესს მხოლოდ ორი ბრალდებული ესწრება  

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესს მხოლოდ ორი ბრალდებული, ბესიკ თამლიანი და კახაბერ კუპრეიშვილი ესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებენ, რომ მათ პროცესზე დასწრება არ სურთ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ,  დაკითხავენ ორ პოლიციელს, რომელთაგანაც ერთ-ერთს დაზარალებულის სტატუსი აქვს.

„ბრალდების მხარე ცდილობს წარმოადგინოს მტკიცებულებები და ვერ წარმოადგენს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები არიან მართლები. ჩვენ შევეცდებით ამის დამტკიცებას და მათივე მოწმეების დახმარებით მოვახერხებთ ამას, ვინაიდან, არანაირი ინფორმაცია მათი ბრალდების შესახებ არ გააჩნიათ. პოლიციელების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც კიდევ ერთხელ ვერ დაადასტურებენ თამლიანის, ბუდაღაშვილის და სხვების ბრალეულობას,“ - განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.

ბესიკ თამლიანის დედა ამბობს, რომ პოლიციელებს, რომლებიც პროცესზე მოწმეებად არიან წარმოდგენილი, ჩვენების მიცემას აიძულებენ.

„მოლოდინი არანაირი, იმიტომ რომ გუშინდელ სასამართლო პროცესზე აშკარად ეტყობოდა მოსამართლესაც, პროკურორსაც, რომ იმათ უკვე ბრძანება მიღებული აქვთ, რომ ესენი დაისაჯონ,“ - ამბობს რუსუდან თამლიანი.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

დღის ამბები