28 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
ქუთაისში სასწავლო პროცესი შეჩერებულია - ბუნებრივი აირის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება

უკვე მეორე დღეა, ქუთაისის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გაზის შეწყვეტის გამო ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. 

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 38 საჯარო სკოლიდან, სასწავლო პროცესი 20 სკოლაში შეჩერდა. 

ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ასევე, შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი ქუთაისის ბაგა-ბაღებშიც.

"რას შეეხება იმ საბავშვო ბაღებს, სადაც გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, ჩვენ მივიღეთ ზომები, მშობლები, რომელთაც ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდათ, მაინც დავიტოვეთ ბავშვები. ერთი ლოკაცია გავაკეთეთ, სადაც ელექტროქურებით ვათბობთ. "სოკარში" გვპირდებიან, რომ დღის ბოლოსთვის საბავშვო ბაღებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება,"- აცხადებს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, დავით წიტაიშვილი.

"ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან, 20 საჯარო სკოლაში, დირექციის გადაწყვეტილებით, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ერთი დღით შეწყვეტილიყო სასწავლო პროცესი და გაცდენილი დღე მომდევნო შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება,"- აცხადებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი.

"სოკარ გაზის" ინფორმაციით, ქუთაისში ბუნებრივი აირით მომარაგების პროცესი დაწყებულია. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ გაზის მიწოდება ქალაქს დღის ბოლომდე აღუდგება.

"უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ღამის საათებში აბონენტების ჩართვა არ შეიძლება, ამიტომ აღარ გავაგრძელეთ. დღეს 8:00 საათიდან ჩვენს ბრიგადებთან ერთად, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ჯგუფები მუშაობენ და და ამ დროისთვის 12 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა და დღის ბოლომდე, იმედი გვაქვს, ქუთაისში აბონენტების 90%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება ექნება,"- აცხადებს "სოკარ გაზის’" იმერეთის რეგიონის მთავარი ინჟინერი, მერაბ კუბლაშვილი.

"სოკარ გაზის" გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

დღის ამბები