28 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა - შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესახებ სტატისტიკა წარმოადგინა. შსს-ს ინფორმაციით, მსგავს შემთხვევებზე მომართვიანობა გაიზარდა და 2019 წელს გამოძიება 6000 ფაქტზე დაიწყო, მაშინ როდესაც 2018 წელს საქმე 5621 შემთხვევაზე აღიძრა. 

შსს-ს ცნობით, 2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს, მაშინ, როდესაც 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.

წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს

ამასთან, 2019 წელს შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევათა მაჩვენებელი და მან 4% შეადგინა (2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი). ამასთან, 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.

ასევე, შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციას, რათა სამართალდამცველებს ჰქონდეთ თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის რეალური შესაძლებლობა.

დღის ამბები