28 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
ცნობილი გახდა ექიმების ვინაობა, რომლებიც ბავშვის გაყიდვის საქმეზე დააკავეს

ახალშობილის გაყიდვის საქმე - ბავშვის ბრალდებული დედა აცხადებს, რომ ჩვილის გაშვილების გადაწყვეტილება რთული მატერიალური პრობლემების გამო მიიღო. ირმა მაისურაძემ დღეს გირაოს თანხა 2 000 ლარი ვერ გადაიხადა, რის გამოც პატიმრობაში დარჩა. დაცვის მხარის ინფორმაციით, ბავშვის მყიდველები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები იყვნენ და ფულის გადაცემა არ მომხდარა.

რაც შეეხება ექიმებს, მათი სახელები ბესარიონ ღარიბაშვილი და გოჩა გელაშვილია. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი გოჩა გელაშვილი კლინიკა "ბაიებთან" თანამშრომლობდა და ამას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც ადასტურებს. 

გელაშვილი კლინიკაში ხელშეკრულებით მუშაობდა და ადასტურებს, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ბავშვის დედასთან ირმა მაისურაძესთან, თუმცა რა დეტალებზე მიმდინარეობდა საუბარი, ამასთან დაკავშირებით კლინიკა "ბაიების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ინფორმირებული არ არის.

"ნამდვილად არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია. გაყალბებულ დოკუმენტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. იურისტმა გადააგზავნა დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასაღებად. ხელმოწერა ანალოგიური იყო რაც მის მიერ წარმოდგენილ პასპორტში,  ფოტო სურათიც იგივე იყო და გაგვიჭირდებოდა რაიმეს აღმოჩენა. ეს არ არის ვთქვათ იუსტიციის სახლი ან რაღაც ისეთი პუნქტი, სადაც დოკუმენტაციის ორიგინალობას ადგენენ. როგორ აღვნიშნე, მხოლოდ მშობიარობისთვის მოხდა ჩვენს კლინიკაში მოყვანა ამ ქალბატონის, მანამდე თუ რაიმე შეხება ჰქონდა, ამის არც დასტური და არც უარყოფა არ შეგვიძლია," - ამბობს თამთა მაისურაძე.

ახალშობილის დედამ აბორტის გაკეთება მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ გადაიფიქრა. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, რამდენიმე თვის შემდეგ მედიკოსებმა მას უკვე გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბავშვის გასხვისება ერთ-ერთ ოჯახზე შესთავაზეს, რომელიც ბავშვის აყვანას კანონის გვერდის ავლით აპირებდა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ეს არის, რომ ბავშვის სიცოცხლე შენარჩუნდა. ექიმმა გინეკოლოგებმა აღმკვეთ ღონისძიებაზე ეს გაცხადება გააკეთეს ზუსტად, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვის სიცოცხლე არ შეწყვეტილიყო. შემდეგ - რომ დაითანხმეს დედა, რომ არ შეეწყვიტა ფეხმძიმობა, შემდეგ მოხდა ის გარიგება, რაც მოხდა," – აცხადებს ადვოკატი ლევან ჯავახაძე.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, რომელსაც შუამავლობა ედება ბრალად და რომელმაც დღეს სასამართლო გირაოს სანაცვლოდ დატოვა, ადვოკატის განცხადებით, ის ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები