26 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
78 000 გამოჯანმრთელებული და 6 685 დაღუპული - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე დღეს გამხსნელი ზარის დარეკვიდან რამდენიმე წუთში ვაჭრობა შეჩერდა. ბოლო 6 დღის განმავლობაში მსოფლიო პანდემიის გამო ბირჟაზე 15 წუთიანი სავაჭრო პაუზა უკვე მესამედ დაფიქსირდა.

COVID 19-მა მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ჩინეთში, რომელიც ვირუსის გავრცელების პირველი წყაროა, ინდუსტრიული პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი რეკორდულად შემცირდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,5%-ით შემცირდა.

კრიზისთან საბრძოლველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25%-მდე შეამცირა. მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში მარტის თვეში ერთხელ უკვე მოხდა. ასეთი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი შტატებმა ბოლოს 2008 წელს განიცადა.

კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო რეჟიმზე გადადიან სახელმწიფოები. დღეს საგანგებო მდგომარეობა სომხეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და სერბეთმა გამოაცხადეს. განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა ბავარიაც.

დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა მეზობელ ქვეყნებში. სომხეთში დაავადებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, რუსეთში 93-მდე, თურქეთში კორონავირუსი 18 პირს დაუდგინდა. თურქეთში მეჩეთებსა და სამლოცველოებში მასობრივი ლოცვა დროებით აიკრძალა.

რომის დაცარიელებულ ქუჩებში რომის პაპი დღეს პირველად გამოჩნდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფეხით ორ ეკლესიაში მივიდა და პანდემიის დასრულებისთვის ილოცა. იტალიაში ჩინეთის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დღე-ღამის განმავლობაში 368 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 3 590-ია. საერთო ჯამში დაავადებას 24 747 ადამიანი ებრძვის. 

მზარდია დაინფიცირებულთა სტატისტიკა ესპანეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ინფიცირებულია 7 845 ადამიანი. ვირუსმა 292 ადამიანი იმსხვერპლა. კარანტინში მყოფმა იტალიელებმა და ესპანელებმა საცხოვრებელი სახლებიდან ექიმებს მადლობა აპლოდისმენტებით გადაუხადეს.

ფატალური შემთხვევები მატულობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში. გერმანიამ საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, დანიასთან და ლუქსემბურგთან სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანაში კორონავირუსის გამო განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დაინფიცირებულია 5 423 პირი, 127 გარდაცვლილია.

ამერიკის 29 შტატში დაიხურა სკოლები, ბარები, რესტორნები. მოსახლეობას მაღაზიებიდან დიდი რაოდენობით პროდექტი გააქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ახალმა ვირუსმა შტატებში 70 ადამიანი იმსხვერპლა, დაავადებას 3 808 პაციენტი ებრძვის.

კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში და სამხრეთ კორეაში. ჩინეთში ვირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვალების 14, ინფიცირების 16 ფაქტი დაფიქსირდა. 
სამხრეთ კორეაში კი დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირებული 74 იყო, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჩინეთისგან განსხვავებით, COVID 19-ის შემთხვევები გაზრდილია ირანში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 129-ს აღწევს. ინფიცირებულთა რიცხვი 15 ათასამდეა. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ ირანმა კორონავირუსის პიკი გადალახა.

რაც შეეხება დაინფიცირების მსოფლიო სტატისტიკას - ახალი კორონავირუსით 174 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. ვირუსს 6 685 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული კი 78 000 ადამიანია.

მსოფლიოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებები 56 ქვეყანაში დაიხურა, გაეროს მონაცემებით, მსოფლიო პანდემიის გამო მილიარდი ბავშვი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს.

დღის ამბები