28 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე იჯარის გადასახადისგან 3 თვით თავისუფლდება - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული, თბილისის მერია 3 თვით იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლებს. თბილისის მერის თქმით, იჯარის გადასახადებისგან გათავისუფლდებიან ის პირებიც, რომლებსაც მეიჯარეებისგან აქვთ ფართი იჯარით აღებული

კახა კალაძის თქმით, 600-მდე მოიჯარე აღნიშნული საშეღავათო გადაწყვეტილებით მარტის, აპრილისა და მაისის თვეში ისარგებლებს. თუ კი ფორსმაჟორული ვითარება ქვეყანაში გახანგრძლივდება, საშეღავათო პერიოდი მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება. 
 
"თბილისის მერია განაგრძობს ღონისძიებების გატარებას, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვის და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით. თბილისის მერია მაქსიმალურად ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რჩევებს და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დარგის სპეციალისტების, ექსპერტების რეკომენდაციები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. დარჩით სახლში. არ გამოხვიდეთ თუ ამის თუ ამის რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.
 
დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს - მარტის, აპრილის და მაისის თვის, იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად, სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად განხორციელდება, რის თაობაზეც მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან.

თუ დამატებით ჩვენ ვიქნებით ფორსმაჟრულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა გაგრძელდება მომდევნო საშეღავათო პერიოდი თვეების განმავლობაშიც.
 
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ კი მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული.
 
შესაბამისად, თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, რა თქმა უნდა ყველა მათგანს შეღავათი ყველა მათგანს შეეხება.
 
აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს.

უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, არსებული რეკომენდაციების შესრულებაა.
 
აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც მოხალისედ არის ჩართული და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.
 
დარწმუნებული ვარ შესაბამისი უწყებებისა და საზოგადოების კოორდინირებული ნაბიჯებით ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები