28 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები თავსა და სხეულზე აღენიშნება - 19 წლის გარდაცვლილის ბიძამ "დღის კურიერში" ისაუბრა

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

თუმცა მირიან ნიკოლაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ დაზიანებები შესაძლოა უკავშირდებოდეს რაიმე კონკრეტულ მიზეზს.

"როგორც მე განმიცხადა ექსპერტმა, დაზიანებები ზოგადად სხეულზე არის როგორც თავის არეში, ასევე ტანზეც, თუმცა ჯერჯერობით იმის თქმა, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია კონკრეტული მიზეზით, ნაადრევია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხეულზე არსებობს დაზიანებები," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს. საქმეზე არ არსებობენ ბრალდებულები, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა კიდევ ერთი მუხლი. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით, ყველა ვერსიაზე, დაკითხულია 50 მოწმე. ჩატარდა ჩხრეკა საცხოვრებელ სახლებში. ვის სახლებში, ეს არ ცნობილი, თუმცა ცნობილია ის, რომ ამოღებულია ტანსაცმელი, მობილურები, კვლევის ნიმუშები და ავტომობილები.

"კურიერის" ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ საქმეში ფიგურირებდა ერთი მანქანა, თუმცა რამდენიმე საათის წინ  მტკიცებულებათა ნუსხას დაემატა კიდევ ერთი მანქანა, შავი ფერის მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც აქვს დაზიანება. დაზიანებულია ფარი მარჯვენა მხარეს. გააჩენს თუ არა ეს გარემოება ახალ შესაძლო ვერსიას, ჯერ უცნობია.

დღის ამბები