28 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის ადვოკატების წერილი "კურიერს"- რატომ ფიქრობს ხანგოშვილების ოჯახი, რომ რუსეთს შურისძიება ჯერ არ დაუსრულებია

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ადვოკატების წერილში, რომელიც მათ "კურიერს" გამოუგზავნეს, მოკლული საველე მეთაურის ნათესავები გერმანიის მთავრობას მიმართავენ.

სწორედ ამ ქვეყნის პროკურატურამ თქვა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა დაკავებულმა პირმა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით შეასრულა.

4 გერმანელი იურისტის მიერ "კურიერისათვის" გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ოჯახს რუსეთის მხრიდან დევნის შიში ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა დაცვას შვედეთს სთხოვს. ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ წლების წინ ოჯახთან ერთად ევროპაში სწორედ უსაფრთხოების გამო წავიდა. ახლა კი, როდესაც გერმანიის დედაქალაქის ცენტრში მისი ძმა მოკლეს, მისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი სამიზნეს ყველგან მისწვდება

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი ავტორი "კურიერს" ეუბნება, რომ ოჯახის მოთხოვნა ლეგიტიმურია. გერმანული შპიგელის ჟურნალისტის თქმით, რისკების შეფასების შემდეგ ოჯახმა შესაბამისი სტატუსი უნდა მიიღოს. 

მკვლელობის უკან რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ასახელებს გამოცემა "ინსაიდერის" მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვიც. ისიც ჟურნალისტთა იმ გუნდის წევრია, რომელიც რუსულ კვალზე საგამოძიებო ორგანოებზე ადრე გავიდა.

დობროხოტოვი "კურიერს" უყვება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის "ვიმპელის“ ბაზაზე გადიოდა წვრთნებს და სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა.

გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გერმანიის პროკურატურამ პირდაპირ თქვა, რომ ბრალდებულმა დანაშაული რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით შეასრულა.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობას არაერთხელ გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი. ბოლოს ანგელა მერკელმა მკვლელობის გამო რუსეთს სანქციებიც დაუანონსა.

დღის ამბები