10 მაისი 2024,   16:27
ვრცლად
როცა "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ბედავს და უფლებებზე საუბრობს, აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ საზოგადოებას მკაცრი პასუხი ექნება - რატი იონათამიშვილი წამებისგან თავისუფლების ინდექსზე

წამებისგან თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. მათი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში მდგომარეობა წინა ხელისუფლების დროინდელ ვითარებასთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, ენმ-ს აღარ აქვს უფლება ამ საკითხზე პრეტენზიებით ისაუბროს.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს საქართველო 147-ე პოზიციას იკავებდა, ეს იყო სრული კატასტროფა და ასეთი პოზიციით არის დღეს დაწინაურებული. ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ სასამართლოების მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია, ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით ხდება ჩვენს ქვეყანაში და ყოველივე ამის ფონზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დღეს კიდევ ბედავს და უფლებებზე საუბრობს, აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ საზოგადოებას ძალიან მკაცრი პასუხი ექნება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით კი, აღნიშნულმა კვლევამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ როგორ ილახებოდა ადამიანის უფლებები წინა ხელისუფლების დროს და წამება იყო პიკში. მისივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, წამებისგან თავისუფლების ინდექსში, საქართველოს ისეთი ქვეყნები უსწრებდა, როგორიც არის რუსეთი, ბელარუსია, დღეს კი ქვეყანა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას უსწრებს.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კონცენტრირებულია სახელმწიფო მოხელეების ან სახელმწიფოს სხვა აგენტების მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზე. ამ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. V-DEM-ის რეიტინგში საქართველო 46ე ადგილზეა

დღის ამბები