28 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
ტერაქტი რუსეთში - ალიშერ კასიმოვი მერვე პირია, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ ტერაქტის საქმეზე 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ტერაქტიდან მეხუთე დღეს, საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. ალიშერ კასიმოვი მერვე პირია, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ, "კროკუს სიტი მოლში" მომხდარი ტერაქტის საქმეზე, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წარმოშობით ყირგიზი, 32 წლის კასიმოვი რუსეთის მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, მან კროკუსზე თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულს ბინა მიაქირავა. თავად კასიმოვი ამტკიცებს, რომ არაფერი იცოდა ტერორიზმთან ბინის დამქირავებლების კავშირზე.

გვიან ღამით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა კიდევ სამ პირს შეუფარდეს - ისროილ, ამინჩონ და დილოვარ ისლომოვებს. სამივე რუსეთის მოქალაქეა. დილოვარი და ამინჩონი ძმები არიან, ისროილი კი მათი მამა. ისინი იმ მანქანის მფლობელები იყვნენ, რომელიც თავდამხმელებმა გაქცევისთვის გამოიყენეს. რუსული მედიის ცნობით, ოჯახი პოლიციას თავად ჩაბარდა. სამივე ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინა ღიად დაადანაშაულა. ტერაქტის უკან კიევის კვალს ხედავს ვლადიმერ პუტინიც. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ცნობილია, რომ დანაშაული მოსკოვში რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, თუმცა, პუტინი ახლა დამკვეთს ეძებს.

პუტინის ტერორიზმთან კავშირს ხედავენ ციხეში დაღუპული ნავალნის გუნდის წევრები. რუსი ოპოზიციონერები სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ "კროკუს სიტი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, "ფსბ-ს" თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მოქალაქეებს ყველა კარი დაუკეტეს, როცა იქ ტერორისტები შეიჭრნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა დანაყოფმა - ხორასანმა აიღო. მას შემდეგ კი, რაც "ფსბ-მ" სასამართლო სხდომაზე დაკავებული 4-ვე პირი სასტიკად ნაცემი მიიყვანა, "აისისი" ორგანიზაციის წევრების წამებისთვის რუსეთს კიდევ მეტი სისხლისღვრით დაემუქრა.

ტერაქტის მოწყობის საქმეზე ყველა დაკავებულს მოსკოვის სასამართლომ 22 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათგან 4 ტაჯიკეთის მოქალაქეა, ერთი - წარმოშობით ყირგიზი. მედია აქტიურად წერს, რომ თავდასხმის შემდეგ რუსეთში ანტიმიგრანტული განწყობა გაძლიერდა. სწორედ პუტინის მოკავშირე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა, საკუთარ მოსახლეობას რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.

რუსეთში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტს, ბოლო მონაცემებით, 139 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

დღის ამბები