30 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
შსს-მ აქციაზე 14 პირი დააკავა - დაშავებულია ერთი პოლიციელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ, 14 პირი დააკავეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციაზე დაშავდა ერთი პოლიციელი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები