30 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ალეკო ელისაშვილზე: მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო! ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე

მე მას [ალეკო ელისაშვილს] ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა.

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ფაქტს საკომიტეტო მოსმენაზე, ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. რა თქმა უნდა, ბატონმა მამუკამ ძალიან ღირსეულად უპასუხა, უკვე უპასუხა ამ აგრესიას და თავდასხმას. მან აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და რაც ჩვენ ამომრჩეველმა დაგვავალა, არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, თუმცა მეც მინდა, რომ გამოვეხმაურო მომხდარს, ეს იყო ნამდვილად ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ბატონმა ალეკომ ქვეყანას, რა მაგალითი მისცა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში?! რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც რა თქმა უნდა, პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!" - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები