30 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
წერილიც მიღებულია, პასუხიც გაცემულია, საჯაროდ დევს - შალვა პაპუაშვილი კომისარ ოფლაერტის წერილის შესახებ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წერილის გაგზავნას პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურნენ. საუბარია წერილზე, რომელიც მიქაელ ოფლაერტმა შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა, სადაც კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხდა, რომ ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნის შესახებ, მისთვის ცნობილი შემთხვევით გახდა. 

"სრულიად შემთხვევით, ჩემთვის ცნობილი გახდა ოფიციალური დოკუმენტის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოგეგზავნათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან, სადაც მითითებაა, რომ ეს კანონი არა მხოლოდ ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება, სადაც გვინდა, რომ გავწევრიანდეთ, არამედ სადაც უკვე გაწევრიანებული ვართ, ევროსაბჭოში, მის ფუნდამენტურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება და არღვევს. რატომ დამალეთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეფასება, ეს არის თქვენი გამჭვირვალობის სტანდარტი?" - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილს.

ანა ნაცვლიშვილის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ დოკუმენტი მის "ფეისბუქ" გვერდზე დევს და ის საჯაროა.

"ჩემი გამჭვირვალობის სტანდარტი შეგიძლიათ ნახოთ იმავე ტელეფონში, სადაც ახლა იმყოფებოდით და შეხვიდეთ ფეისბუქზე ჩემს ფეიჯზე და ნახოთ, როგორც წერილი, ასევე ჩემი პასუხი, მათ შორის კომისიის მიმართ. ასე რომ წერილიც მიღებულია, პასუხიც გაცემულია და თქვენც გაგეცნობათ წერილიც და პასუხიც. შემთხვევით რომ ხდება წყაროები ცნობილი და სინამდვილეში საჯაროდ რომ დევს ყველაფერი, ვის ატყუებთ ამით? საჯაროდ დევს," - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა. კომისარი ო"ფლაერტი გამოთქვამს შეშფოთებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. ასევე იმ დამაზიანებელ ეფექტზე, რაც მის მიღებას შეიძლება ჰქონდეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე. ამ კონტექსტში ის სთხოვს პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ ინიციატივის მიღებისგან.

კომისარს წერილობითვე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ის არ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და მიზნად ისახავს უცხოურ გავლენებთან გამკლავებას პროპორციული გზით და ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

"ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა გამჭვირვალობისა და ლობიზმის შესახებ თუნდაც ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ ან ევროკავშირის მსგავს კანონებთან თუ კანონპროექტებთან შედარებით. მსოფლიოს მასშტაბით არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს გამჭვირვალობის ამაზე უფრო მცირე ვალდებულება. ჩვენ ღია ვართ ინკლუზიური და არსებითი დისკუსიებისთვის, რა დროსაც შეგვეძლება არგუმენტებიდან ღირებული დასკვნების გამოტანა და არა უსაგნო იარლიყების სროლა" - წერს შალვა პაპუაშილი.

დღის ამბები