30 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
პარლამენტთან კვლავ აქცია იმართება - ორგანიზატორების თქმით, მას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან

აქცია გრძელდება - პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები. ისინი გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ პარლამენტიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც უარი თქვეს კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე. ისინი პირველ განცხადებებს აკეთებენ.

მანამდე პარლამენტის შენობა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პარტია პროტესტს გააგრძელებს უკვე ხალხთან ერთად ქუჩის აქციებით და აპირებს მონაწილეობა მიიღოს აქციაში, რომელიც 19:00 საათზე პარლამენტის წინ არის დაგეგმილი.

"1 წლის წინ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვუთხარით უარი რუსულ კანონს პარლამენტის წევრებმა, ვინც ამ კანონზე წითელს დააჭირა. მათ შიგნიდან არ ესმით ჩვენი ხმა, ამიტომ ამ ადამიანებთან ერთად გარედან უნდა გავაგონოთ: არა რუსულ კანონს,“ - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ნიკა გვარამიამ იმ დეპუტატების სახელები და გვარები ამოიკითხა, რომლებმაც ხმა მისცეს კანონის მიღებას.

"ეს ხალხი ყიდის ჩვენს სამშობლოს. ეს ხალხი ჩვენს შვილებს ართმევს მომავალს. ეს ხალხი სულში აფურთხებს ჩვენს დიდ წინაპრებს. ეს ხალხი ამ შენობაში აღარასდროს აღარ უნდა მოხვდეს. ყველანი პარლამენტთან,“ - აცხადებს "ახალის" თავმჯდომარე ნიკა გვარამია.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ამბობენ იმასაც, რომ საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ ასევე მოსახლეობა სხვადასხვა რეგიონიდან შემოუერთდება და დააფიქსირებენ პროტესტს თავიანთ ქალაქებშიც.

დღის ამბები