28 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
"ქალბატონ სამადაშვილს მინდა რეპლიკა ვესროლო"- დებატები პარლამენტში

ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დღითიდღე ეცემა - ეს განცხადება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. სამადაშვილი IRI-ის კვლევას გამოეხმაურა.

„მაშინ, როდესაც ჩვენ გვარწმუნებთ, რომ სასამართლო ხელისუფლების ხარისხი გაიზარდა საგრძნობლად ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლის შემდეგ 23% -ით არის შემცირებული ნდობა სასამართლოს მიმართ, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ ასევე კატასტროფულად არის დაცემული ნდობა პარლამენტის მიმართ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის ხელისუფლებისადმი გამოთქმულ კრიტიკას პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ უპასუხა. მარშანია ამბობს, რომ პარლამენტის დაბალი რეიტინგი ნაციონალური მოძრაობის ბრალია.

„ქალბატონ სამადაშვილს მინდა რეპლიკა ვესროლო, ვიფიქრე ბევრი მაგრამ ბევრი ფიქრის დროც არ მქონდა სამწუხაროდ, ეს სპონტანურია, იმპულსურია რეპლიკა, მაგრამ მაინც მოისმინეთ ყურადღებით, ის რომ პარლამენტს რეპუტაცია არ აქვს, ის რაც უნდა ჰქონდეს, იმის ბრალია, რომ თქვენ პარლამენტში ბრძანდებით აქ და თქვენ ნაციონალურ მოძრაობას რატომღაც ოპოზიცია ჰქვია,“ - მიმართა ადა მარშანიამ სალომე სამადაშვილს.

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის თემა იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რომელზეც დეპუტატებმა დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. დაგეგმილი ცვლილებების გამო ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.

საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ახლა აპირებს მერის არჩევნების გაუქმებას და საერთოდ უარს ამბობს არჩევითობაზე.

ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ არ იგეგმება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებების შეზღუდვა.

დღის ამბები