28 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონი მკაცრდება-განხილვა პარლამენტში 

პარლამენტი დღეს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონს, რომელიც რიგ შემთხვევებში მკაცრდება, პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, შემაკავებელი ორდერი შევა ძალაში მისი დაწერისთანავე და მის ამოქმედებას სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ დასჭირდება.

გარდა ამისა ოჯახში ჩადენილი დანაშაული ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად. კანონპროექტის ავტორის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ეს იქნება ერთგვარი პრევენცია დანაშაულის შემცირებისთვის.

„გარკვეული კორექტივები დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნების და რეკომენდაციების შედეგად შევიტანეთ. ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პაკეტია.

დისპოზიცია ნორმის იცვლება, რათა მოიცვას ყველა სხვა შესაძლო ვარიანტები ამ ძალიან მძიმე დანაშაულის, რომლებსაც არ ფარავდა ჩვენი აზრით დღეს მოქმედი შემადგენლობა,“-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ოჯახური ძალადობის კუთხით არსებულ მძიმე სტატისტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას და კანონის მაქსიმალური გამკაცრების მომხრეები არიან საპარლამენტო უმრავლესობაში.

„სტატისტიკა მძიმეა იმ კუთხით, რომ რეალურად დაიწყო რეალური აღრიცხვა ოჯახური ძალადობის. ეს არ ნიშნავს, რომ ახლა გამოჩნდნენ უფრო მეტი მოძალადეები ოჯახში ვიდრე ადრე იყვნენ, უბრალოდ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია და რეალურად ხდება აღრიცხვა და მათზე რეაგირება. მე მგონი ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. რაც უფრო გამკაცრდება კანონმდებლობა მე ვემხრობი,“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

ქვეყანაში კრიმინალის მატებაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობენ, რომ პრობლემა დამნაშავეთა დაუსჯელობაა.

„მაშინ როდესაც ქვეყანაში ყვავის კრიმინალი და ზოგადად ასეთი ტიპის შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას კრიმინალის მიმართ, არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება ამ კანონის ჯეროვანი აღსრულება,“-ამბობს თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები