26 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი პოზიტიურად აფასებს ინტერნეტ თავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტს, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. თუმცა, ამავე დროს აღნიშნავს, რომ კომისიამ სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაიზიარა.

„პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი;  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით” - აღნიშნულია განცხადებაში. 

სახალხო დამცველმა ასევე ნეგატიურად შეაფასა კომისიის მუშაობის ფორსირებული რეჟიმიც, რომელიც მისი თქმით არ იძლევა პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მოსაზრებების წარდგენისა და პოზიციის დაფიქსირებისთვის ადეკვატური დრო და შესაძლებლობა. 

დღის ამბები