28 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
ახალი თავმჯდომარეების დანიშვნა საერთო სასამართლოების სისტემაში - მესამე სექტორში პროცესს უნდობლობას უცხადებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხვალ საერთო სასამართლოების სისტემაში ახალი თავმჯდომარეების დანიშვნაზე იმსჯელებს. მესამე სექტორში კი პროცესს უნდობლობას უცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვები როგორც დანიშვნის პროცედურასთან, ასევე კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის პროცედურა გაუმჭვირვალეა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისთვის გაუგებარია, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, რატომ არ აქვს თავად ქართული ოცნების წარმომადგენლებს კითხვები კონკრეტულ კანდიდატებთან.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ორი სასამართლოს თავმჯდომარეზე და კონკრეტულ კანდიდატურებზე და მათგან ერთ-ერთი იყო ცნობილი იმით, რომ აბსოლუტურად უკანონოდ, პატიმრობაში ამყოფებდა პოლიტიკურ აქტივისტებს და ასევე აჯარიმებდა რამდენიმე მილიონით, მაგალითად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ოცნებაზე და  ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აქვს კითხვის ნიშნები ამ კანდიდატებთან დაკავშირებით თვით ოცნების წარმომადგენლებს. ესენი ყველანი არიან ყველა ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ ერთი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საერთო სასამართლოების სისტემაში ახალი თავმჯდომარეების დანიშვნის პროცედურას გამოეხმაურა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი ეკატერინე ციმაკურიძე.

„სასამართლოების თავმჯდომარეები, იმის გამო, რომ მათ აქვთ ძალიან ფართო უფლებამოსილება და აბსოლუტურად არანაირი ვალდებულება დაასაბუთონ თავიანთი ცალკეული გადაწყვეტილებები, აქვთ აბსოლუტური თავისუფლება მინიჭებული კანონმდებლობით, გავლენა მოახდინონ ინდივიდუალურ მოსამართლეებზე. ამიტომ, წლების განმავლობაში, სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი ჯგუფი სასამართლო სისტემაში, რომელიც არის კარგი მექანიზმი იუსტიციის საბჭოს ხელში, რომ გავლენა მოახდინოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე,“ - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

დღის ამბები