27 აპრილი 2024,   23:47
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ადვოკატები საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას არ გამორიცხავენ 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მოითხოვს, აფგან მუხთარლის საქმე ძველი თბილისის სამმართველოს ნაცვლად მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. უფლებადამცველი განცხადებით ის პროკურატურას ხვალ მიმართავს. აფგან მუხთარლის ადვოკატი საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ჟურნალისტის გამტაცებლები აზერბაიჯანის საზღვრამდე ტელეფონით ანგარიშს ზემდგომ პირებს აბარებდნენ.

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატისა და ოჯახის მოთხოვნას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე საგამოძიებო ორგანომ ჩატარებული მოქმედებების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება უნდა მოახდინოს.

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ მთავრობის მეთაურის დაგვიანებულ პოზიციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შემაშფოთებლად მიიჩნევენ.

გუშინ გვიან საღამომდე აფგან მუხთარლის მეუღლე ადვოკატთან ერთად შსს-ში იმყოფებოდა. ლეილა მუსტაფაევას მინისტრის მოადგილე შეხვდა. მისი ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა პრემიერის სახელით საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესთავაზა, რაზეც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ უარი განაცხადა.

აფგან მუხთარლი, ნიაღვრის ქუჩიდან რამდენიმე სპეცრაზმელმა 29 მაისს გაიტაცა.

დღის ამბები