28 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
თავშესაფრის ძიებაში გაუჩინარებული აფგან მუხთარლი - გაჩენილი კითხვები და საქართველოსადმი დაკარგული ნდობა

საქართველოში 29 მაისს გაუჩინარებული აფგან მუხთარლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ოჯახის ბიზნესების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა და მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ საფრთხე ემუქრებოდა, ოჯახთან ერთად 2015 წელს საქართველოში გადმოვიდა.

აფგან მუხთარლიმ თავისი საქმიანობა საქართველოშიც განაგრძო. 2016 წლის ოქტომბერში მისი ბინადრობის მოწმობას ვადა გაუვიდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევა ყვება, რომ აფგანმა მობინადრის სტატუსის მიღებაზე ოფიციალური უარი მიიღო. წერილში მითითებული იყო კანონის მუხლებიც, რომლებიც ნიშნავს, რომ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ და რომ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ან საზოგადოებრივ წესრიგს.

აფგან მუხთარლი, ამ პრობლემაზე ჯერ კიდევ ნოემბერში გამართულ აქციაზე საუბრობდა და რამდენიმე თვის შემდეგ აზერბაიჯანში გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა. მისი ადვოკატი, ნემათ ქარიმლი ამბობს, რომ მუხთარლის განცხადებით, ის სახლში ფეხით ბრუნდებოდა, როდესაც ჭონქაძის ქუჩაზე თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საცხოვრებელი ადგილისკენ მიმავალ გზაზე ქუჩაში ბევრი კამერა არის დამონტაჟებული თუმცა, ამ ჩანაწერების შესახებ გამოძიება არაფერს ამბობს.

აფგან მუხთარლის მეგობარი, ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს, რომ საქართველო თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი აზერბაიჯანელებისთვის თავშესაფარი იყოს.

რა როლს თამაშობს ამ საქმეში ქართული მხარე, ჯერ უცნობია. სუს-ის უფროსის განცხადებით, მუხთარლი მწვანე ხაზის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს.

საზღვრის დაუცველობის შემოწმება პოსტსკრიპტუმის ჯგუფმაც სცადა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცირე შანსი არსებობს, მაგრამ აზერბაიჯანში გადასვლა მაინც შეუძლებელია.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები