28 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
ეს დოკუმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას - ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რიგგარეშე სხდომის დანიშვნას კანონის დარღვევად არ აფასებს. მან აღნიშნა, რომ თუ 48 საათის განმავლობაში პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, თავად პარლამენტს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

„არჩევანის“ ეთერში ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციის განხილვა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწვდის მიზნით შეთავაზა.

მან აღნიშნა, რომ არსებული კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის, ახალი დოკუმენტი კი გრძელვადიან პერსპექტივაში ამას გამორიცხავს.

„ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა იქმნება, გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას, ეს არის მთავარი მიღწევა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუცია კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურებოდა და ავტოკრატიის საფრთხეს წარმოშობდა. მან ასევე განმარტა, რომ ამჟამინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, დამსახურებაა, რომ ქვეყანაში ავტოკრატიის საფრთხე არ იგრძნობა.

„რა იყო მიზანი 2010 წლის ცვლილებების? მიზანი იყო მარტივად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეენარჩუნებინა თავისი ჭარბი ძალაუფლება უკვე პრემიერის რანგში... გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კვირიკაშვილი რა ბუნების არის, ვიცით, ანუ როგორია მისი პოლიტიკური ბუნება. ის არ არის მიდრეკილი არცერთი გრამით ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში, ბუნებრივია, არ წარმოიშვება ის პრობლემები, რაც თეორიულად შეიძლება, წარმოიშვას გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შემუშავებისას "ვენეციის კომისიის" რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. მან აღნიშნა, რომ კონსტიტუიციის ახალი ვარიანტი ოპტიმალური კონსენსუსის შედეგად არ არის მიღებული. მან ოპოზიცური პარტიები საკონსტიტუციო კომისიის დატოვების გამო გააკრიტიკა.

დღის ამბები