28 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
ირმა ინაშვილი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტს უცხადებს და ივანიშვილს პროცესში ჩართვას სთხოვს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტს უცხადებს. ირმა ინაშვილი პროტესტის ნიშნად პარლამენტში დანიშნულ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.

„ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ამ საპარლამენტო განხილვებს და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ორი მიმართულებით. ვმუშაობთ ჩვენ ევროსტრუქტურებთან და ვიწყებთ მზადებას საპროტესტო აქციებისთვის,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკის ელჩს უკვე შეხვდა და მასთან საკონსტიტუციო ცვლილებეზე ისაუბრა. ოპოზიცური პარტიის ლიდერის თქმით, მან იან კელის პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და კონსენსუსის არარსებობაზე მიაწოდა ინფორმაცია. 

ირმა ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მიმდინარე პროცესებს ვერ უმკლავდება.  

„კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრეები დღეს ახორციელებენ ხელისუფლების უზურპაციას და მე კვლავ მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიან წევრს და როგორც საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს. სწორედ დღეს უნდა შეასრულოს ბიძინა ივანიშვილმა მისი დანაპირები, დღეს საქმე სწორედ დემოკრატიის რღვევასთან გვაქვს, ამიტომ, ივანიშვილი უნდა ჩაერიოს, ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მოყვანილი „ქართული ოცნება“ და პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას ოლიგარქსაც აკისრებს. 

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

დღის ამბები