26 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
წყალდიდობა დასავლეთ საქართველოში - შავ ზღვაზე 7 ბალიან შტორმს ელოდებიან

წყალდიდობა დასავლეთ საქართველოში - გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია გურია. დაგუბებული წყლის გამო ოზურგეთის ცენტრალური მოედანი და ქუჩები გაუვალია. ადიდებული მდინარე სუფსა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა.

საავტომობილო მოძრაობა საპატრულო პოლიციამ ოზურგეთის ცენტრში დროებით შეაჩერა.

მძიმე მდგომაროებაა სოფელ შემოქმედშიც, სადაც 10-მდე ოჯახია დატბორილი. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევარდა, დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები, გაანადგურა წლევანდელი მოსავალიც. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 

განსაკუთრებით დაზარალდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, ღელეებიდან გადმოსულმა წყალმა საყანე ფართობი დატბორა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს სოფელ ჭყონაგორშიც. უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთშიც, სადაც საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. შავ ზღვაზე დღის მეორე ნახევარში 7 ბალიან შტორმს ელოდებიან. ძლიერმა ქარმა ცენტრალურ ქუჩებში ხეებიც დააზიანა.

„ქალაქში მოგვიანებით მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება, დაახლოებით, 7 ბალამდე და ქარის გაძლიერებაც,“ - განაცხადა ფოთის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ გრიგოლიამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოს ამინდი გაუარესდება და ზღვის ღელვა მოიმატებს. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები