16 დეკემბერი 2017,   00:01
ვრცლად
ვინ არის "ცალხელა აჰმედი" - ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევია

გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას სამი ლიკვიდირებული პირის ვინაობა კვლავ უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი ამერიკის მთავრობის მიერ ტერორისტთა შავ სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია ჩატაევის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს.

ჩატაევი, რომელიც საქართველოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სასჯელს იხდიდა, 2012 წელს სასამართლომ გაათავისუფლა. მის ინტერესებს ადვოკატი ნინო ადრიაშვილი იცავდა. იურისტი „კურიერს" უყვება, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე ჩატაევმა საქართველო დატოვა, თუმცა იმის გამო, რომ ის სასამართლომ გაამართლა, საქართველოში დაბრუნება კვლავ თავისუფლად შეეძლო.

აჰმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა აჰმედი, 2000 წელს ჩეჩნეთის ომის დროს რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდა. ის აწამეს და მარჯვენა ხელი მოაჭრეს. ამის გამო ჩეჩენი მებრძოლი ავსტრიაში წავიდა საცხოვრებლად და 2003 წელს დევნილის სტატუსი და თავშესაფარი მიიღო. 2007 წელს ჩატაევი შვედეთში გამოჩნდა, სადაც იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხის დატოვების შემდეგ ჩატაევი 2010 წელს უკრაინელი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. ის დააკავეს და მისი დეპორტაცია უკვე საქართველოში მოხდა, ამის შემდეგ ჩატაევი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ერთი წლის შემდეგ, ის თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა მალავე გაათავისუფლეს.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, ის შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთ მონაწილედ დასახელდა. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალი წაუყენეს და დააკავეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საპატიმრო დატოვა, რის შემდეგაც, ქვეყანიდანაც წავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სირიაში წავიდა და ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი დაჯგუფების "იარმუკის" ხელმძღვანელი გახდა, სადაც ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები, მათ შორის პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ქართველი ახალგაზრდებიც იბრძვიან. ჩატაევი საველე მეთაურის, დოკუ უმაროვის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები