28 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
"მთავარი საკითხი და ქვაკუთხედი არის მიხეილ სააკაშვილი"- საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შეხვდა.

საპარლამენტო ოპოზიცია ვოლოდიმირ გროისმანის ვიზიტის მთავარ მიზეზად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ვოლოდიმირ გროისმანი  ხელისუფლების წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრებს, ეს მიხეილ სააკაშვილია.

„სტრატეგიული სახელმწიფოები, რომელთა ურთიერთობა საუკუნეებს მოიცავს, მხედველობაში მაქვს უკრაინა და საქართველო უკანასკნელ პერიოდში, მათი ურთიერთობის მთავარი საკითხი და ქვაკუთხედი, თამამად შეიძლება ითქვას, არის მიხეილ სააკაშვილი. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რაც არ უნდა უარყოს „ქართულმა ოცნებამ“ და რაც არ უნდა უარყოს პოროშენკოს ადმინისტრაციამ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი რომელზეც ისაუბრებს ბატონი კვირიკაშვილი,  ბატონ პრემიერ-მინისტრთან უკრაინისა იქნება რა თქმა უნდა ბატონი სააკაშვილი,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის შეფასებით კი რუსეთის სახით უკრაინას და საქართველოს ჰყავს საერთო მტერი, ოკუპანტი, რომელსაც ერთის მხრივ ოკუპირებული აქვს ყირიმის ნახევარკუნძული,  მეორეს მხრივ  აფხაზეთი და სამაჩაბლოს რეგიონი. ოთარ კახიძის თქმით, სწორედ ამიტომ ამ ურთიერთობების გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ამ ურთიერთობებს ჩემი სურვილი იქნება, როგორც პარლამენტის წევრის რომ ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვადასხვა უხერხულმა საკითხებმა, რომელიც არის დაკავშირებული სწორედ გარკვეული პირების სამართლებრივ დევნასთან,“-განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ მან არ იცის იყო თუ არა სააკაშვილი მთავარი განხილვის თემა უმრავლესობასა და უკრაინის პრემიერთან შეხვედრისას.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციას ადექვატურად ვერ აღიქვამს, რადგან არსებობენ უწყებები, რომლებიც სამართლებრივ მხარეს სწავლობენ და მსგავს საკითხებზე როგორიც სააკაშვილია, პრემიერების გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გავლენა იქონიოს.   

დღის ამბები