28 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს,- მესამე სექტორი მერაბიშვილზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

სამოქალაქო სექტორში დარწმუნებული არიან, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით მერაბიშვილის საქმეზე, ხელისუფლების ფარული მიზნების არსებობა დადასტურდა. მესამე სექტორში ამბობენ, იმასაც რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ევროსასამართლომ მე-18-ე მუხლის დარღვევა დაადგინა, დაპატიმრებული პირები პოლიტპატიმრებად ითვლებიან.

„სახელმწიფო მართლმსაჯულების მიზნების საწინააღმდეგოდ  და მართლმსაჯულების მიზნების გარეშე იყენებდა ვანო მერაბიშვილის პატიმრობას. თუ რა იყო ეს მოტივი შესაძლოა გარკვეული სპეკულაციის საგანი იყოს სხვადასხვა მხარეს შორის მაგრამ ფაქტია, რომ ეს პატიმრობა არ  ემსახურებოდა მიზნად მართლმსაჯულების ინტერესებს,“-განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ და აღნიშნა, რომ ევროსასამართლო მე-18-ე მუხლის დარღვევის დადგენას ხშირად არ მიმართავს და ეს საგამონაკლისოდ ხდება. 

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურისტი დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ 6 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს აღსრულების გეგმა თუმცა ჯანდიერი ეჭვობს, რომ მინისტრთა კომიტეტი არ დაეთანხმება სხვა რომელიმე ღონისძიებას, გარდა მერაბიშვილის გათავისუფლებისა.

"ფორმულირების თვალსაზრისით  დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უფრო მძიმე, ვიდრე იყო შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პალატის გადაწყვეტილება, ამიტომ საქართველოს მთავრობას ეს გადაწყვეტილება არ უნდა გაესაჩივრებინა. ისევე როგორც ჭკუა იხმარა წინა ხელისუფლებამ და გირგვლიანის საქმე არ გაასაჩივრა დიდი პალატის წინაშე,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ომბუდსმენობის კანდიდატიც. ნინო ლომჟარიამ აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.

სტრასბურგის სასამართლო მე-18 მუხლის დარღვევას იშვიათად ადგენს. ანალოგიური გამოყენებული იყო იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეებზე. 

 

 




ამავე თემაზე
დღის ამბები