26 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
"ჩვენ ინფორმაციას არ უნდა ვიგებდეთ პოსტფაქტუმ" - სულხან სალაძე პრეზიდენტის არჩევის წესზე

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებას აკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი. საუბარია პრეზიდენტის 300 ხმოსანის ნაცვლად, პარლამენტის მიერ არჩევაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან.

„მოულოდნელად ამ კომპრომისული გადაწყვეტილების შეცვლა და მოფიქრება, დაბრუნება ისევ ძველ ვარიანტზე, რომელიც მეტ კონტროლს გულისხმობს, ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მე ეს ვთქვი კიდევაც სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის განხილვების დროსაც და ახლაც ვიმეორებ, რომ არ არის სწორი, ჩვენ დავუბრუნდეთ იმ ვერსიას და დავივიწყოთ ის კომპრომისი,“ - აცხადებს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი ლაშა ტუღუში.

მმართველ გუნდს საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს "საია"-ს თავმჯდომარე. სულხან სალაძის თქმით, ცვლილებებით პრეზიდენტის როლის შეზღუდვა არ უნდა მოხდეს.

„ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია და მეტი დიალოგი საზოგადოებასთან, ჩვენ ინფორმაციას არ უნდა ვიგებდეთ პოსტფაქტუმ შესაძლო გადაწყვეტილებების თაობაზე. ის, რომ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი კომპონენტი კონსტიტუციაში, ეს ცალსახაა და ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და არბიტრი, რადგან რიგ შემთხვევაში მისი როლი და ფუნქცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს "საია"-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

დღის ამბები