22 ივნისი 2018,   09:45
ვრცლად
მე მზად ვარ, რომ გავხდე უკრაინის პრემიერმინისტრი თუ ამის აუცილებლობა გახდა - მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმებზე

„მე ვიბრძვი, პირველ რიგში, დიდი ცვლილებებისთვის, ვიბრძვი იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს დაუმარცხებელი. თუ უკრაინა გახდება დაუმარცხებელი, რუსეთი განიდევნება მათ შორის კავკასიიდან,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში სამომავლო გეგმებზე საუბრისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, მის მიზანს უკრაინაში არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს.

„ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩატარდეს არჩევნები, ჩვენმა გაერთიანებულმა ძალებმა აიღონ უმრავლესობა. მე მზად ვარ, რომ გავხდე უკრაინის პრემიერმინისტრი, თუ ამის აუცილებლობა გახდა იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი თვითმიზანი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში უნდა შეძლოს რეფორმების გატარება.

მისი თქმით, სცენარი, თითქოს პრეზიდენტი - ტიმოშენკო, ხოლო პრემიერი სააკაშვილი უნდა გახდეს, არ არსებობს, რადგან ეს უკრაინელების გადასაწვეტია.

„ამიტომ, ჩემს ამოცანას ვხედავ ბევრი ახალი ხალხის მოყვანაში და სწრაფი რეფორმების გატარებაში ისე, რომ მოვწყდეთ ამ ჭაობს, ამოვვარდეთ. საკუთარი თასმებით, თმით ამოვქაჩოთ ქვეყანა და საკუთარი თავი ამ ჭაობიდან და სადღაც გავიქცეთ. რომ გავიქცევით და დავჯდებით, ამ წასვლას ამ ჭაობიდან მე ვუხელმძღვანელებ, მერე იქ იმდენი კარგი ადამიანი გამოჩნდება, რომ ჭაობში არც არის ნამყოფი. ჩვენ მაინც ჭაობებში ვართ ნამყოფი, ჩვენ უნდა გავუხსნათ ახალ თაობას გზა,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. მისი თქმით, საქართველოს მიტოვებას არ აპირებს.

დღის ამბები