26 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის საქმე, შესაძლოა, ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველი გახდეს

არჩილ ტატუნაშვილის საქმე, შესაძლოა, ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველი გახდეს. ბრიუსელში დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობის და კიდევ ორის გატაცების თემაზე მსჯელობდნენ.

სწორედ საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ მათი პოზიცია მკაფიო უნდა იყოს.

ევროპარლამენტის წევრი, ანა გომეში აღნიშნავს, რომ რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, რათა დაკავებული კიდევ ორი მოქალაქე ახალგორიდან გამოუშვან კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ვფიქრობ ნამდვილად ადექვატური იქნება, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი. ეს ასევე მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, რომ საქართველოს ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა აქვს,“ - აცხადებს ანა გომეში.

ევროპარლამენტის წევრი, კლერ მუდი ამბობს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა გაირკვას.

„ნამდვილად სერიოზული საქმე და ამავდროულად შოკისმომგვრელი შემთხვევაა. ტატუნაშვილი გაურკვეველ გარემოებაში გარდაიცვალა და ამიტომ ჩვენ, ევროპარლამენტარებს გვინდა, ვიცოდეთ რა მოხდა. ხელისუფლებას შეუძლია გამოიძიოს, რა ვითარებაში დაიღუპა ეს ადამიანი. რაც შეეხება რეზოლუციას, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, დაველაპარაკები ჩემს კოლეგებს. 10 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან და არსებობს ლეგიტიმური მიზეზი, რომ ვიმოქმედოთ. პირადად მე, ასეთ გზას მხარს ვუჭერ,“ - აცხადებს კლერ მუდი.

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს დელეგაციის წევრები კიდევ ერთ, ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატივას ახმაურებენ. 

დღის ამბები