19 დეკემბერი 2018,   08:37
ვრცლად
შშმ ბავშვებისთვის მოპარული ათასები - საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის სახსრებით ბავშვების დასვენების საქმეს იძიებს

შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის მოპარული ათასები - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის სახსრებით ბავშვების დასვენების საქმეს იძიებს.

შშმ ბავშვები, თბილისის მერიის სოციალური სამსახურის პროგრამების მიხედვით, წელიწადში ორჯერ ზამთარსა და ზაფხულში უფასოდ ისვენებენ. ირკვევა, რომ ბავშვების ნაწილმა ერთხელ დაისვენა, მეორედ კი მათ უფასო დასვენებაზე უარი უთხრეს, თუმცა სიაში შეიყვანეს და გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, თანხაც მიითვისეს.

ბელა სონღულაშვილი, რომელიც პროფილური არასამთავრობოს ხელმძღვანელი და შშმ ბავშვის მშობელია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს დაკითხეს. გამოძიებამ გასული 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დასვენების დეტალები სხვა მშობლებსაც გამოკითხა.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ მათთვის მხოლოდ დასვენების დროს კვების პრობლემების შესახებ იყო ცნობილი და ეს საკითხი მოგვიანებით მოგვარდა.

სახელმწიფო თანხისა და შშმ ბავშვებისთვის გამოყოფილი ფულის მითვისებაზე სამსახურის უფროსი ჯერ არ დაუკითხავთ, თუმცა, მან გამოძიებას საჭირო დოკუმენტები მიაწოდა.

2016-2017 წლებში ბავშვების სამთო და საზღვაო კურორტებზე დასვენებას კომპანია YELLOW და სტუდია ADC უზრუნველყოფდნენ. ADC-ში განმარტავენ, რომ ამ საქმის შესახებ არაფერი იციან და მათ არც არავინ დაკავშირებია.

დღის ამბები