19 დეკემბერი 2018,   00:26
ვრცლად
"აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს"-საია "რუსთავი 2"-ზე თავდასხმაზე საუბრობს

"ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაცია" "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა პირს საკუთარი უფლებების დასაცავად რეაგირება მოახდინონ სამართლებრივი და არა ძალადობრივი გზით. გარდა ამისა, საია წერს, რომ აქციის მონაწილეების ქმედებები შეიცავდა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.

საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, რუსთავი 2”-ს შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია გამართეს და რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და იურისტს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრეთვე თავს დაესხნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.

მნიშვნელოვანია, რომ თავად ,,რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ დროულად განიხილა შესული საჩივარი.

საია მოუწოდებს ყველა პირს, თავისი უფლებების დასაცავად რეაგირება მოახდინონ სამართლებრივი და არა ძალადობრივი გზით.

მიგვაჩნია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების ნიშნებს:

იძულება -  ,,ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა...”  აქციის მონაწილეები აიძულებდნენ ჟურნალისტს შეესრულებინა კონკრეტული ქმედება - მოეხადა ბოდიში გასული სიუჟეტის გამო, რაც წარმოადგენდა მის უფლებას.

თავისუფლების უკანონო აღკვეთა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,რუსთავი 2”-ს წამყვანსა და იურისტს ნახევარი საათის განმავლობაში მათი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა.

ძალადობა - აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ნივთის დაზიანება - ,,სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. აქციის მონაწილეთა მხრიდან ავტომობილზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს აღნიშნული დანაშაულის ნიშნებიც.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა ხომ არ ისახავდა მიზნად მათთვის ინფორმაციის გავცელებაში ხელის შეშლას.

საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება,”-ნათქვამია საია-ს განცხადებაში. 

დღის ამბები