28 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
"ეს ნამდვილად იმ ომის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში 2008 წელს მოხდა " - ტატუნაშვილის სახლთან სამძიმრის გამოცხადების მსურველთა ნაკადი არ წყდება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახლთან არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომელსაც მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება სურს.

ტატუნაშვილის ოჯახს, ხურჩაში ოკუპანტის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა.

სახლში სადაც ჯარისკაცის ცხედარია დასვენებული, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული მისი დაკრძალვამდე იდგება.

მთელი დღის მანძილზე, ოჯახთან სამძიმრის გამოსახატად საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ვეტერანები და ქართველი სამხედროები ჩავიდნენ.

„ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობის სახელით, ოფიცრების, სერჟანტების, სამოქალაქო პირების, იუნკრების ასევე მსმენელების სახელით მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და არამარტო ოჯახს, სრულიად საქართველოს, ასეთი გმირის დაკარგვა,“-განაცხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეთაურმა ოთარ დოლიძემ.

ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იმ ომის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს მოხდა.

„არ არის არავითარი მნიშვნელობა ადამიანი თავის სამშობლოსთვის მშვიდობიანობის დროს დაიღუპება თუ ომის დროს. ეს ნამდვილად იმ ომის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს მოხდა საქართველოში, ამ ომს შეეწირა ეს ახალგაზრდა და მე მჯერა და მინდა, რომ ეს იყოს ბოლო მსხვერპლი“-განაცხადა ოთარ დოლიძემ.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ,მისი თქმით, დღეს ისიც არის ჭირისუფალი და ფიქრობს, რომ საზოგადოებამ ერთმანეთს უნდა მიუსამძიმროს.

„თურმე საქართველოში ნამდვილად არიან გმირები და დარწმუნებული ვარ, მის მაგალითზე კიდევ ბევრი გმირი გაიზრდება, მაგრამ როდემდე?- ეს არის კითხვა, რომელსაც ვერავინ სცემს პასუხს.

მე დღეს ვარ ჭირისუფალი და მოვედი ისე, რომ ალბათ ყველამ ერთმანეთს უნდა მივუსამძიმროთ, “-ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

დღის ამბები