27 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
ძველები და ახლები რომ უპირისპირდებიან ერთმანეთს არ არსებობს - მდინარაძე მმართველი გუნდში განხეთქილებას უარყოფს

„არის აზრთა სხვადასხვაობები ძალიან ბევრი და ღმერთმა დაგვიფაროს ასე არ იყოს და მმართველ გუნდში, 115 კაცში, როგორც ადრე ხდებოდა, ყველა იყოს ერთ აზრზე,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, თანაგუნდელების უკმაყოფილებას, რომლებიც მმართველი გუნდში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ძველი ფორმაციის წარმომადგენლებსა და ახალ სახეებს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს, რაც ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტამდე შესაძლოა მივიდეს.

მამუკა მდინარაძე თანაგუნდელების მხრიდან ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ უკმაყოფილებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დღის წესრიგში იმპიჩმენტის საკითხი არ დგას.

„ძველების და ახლების დაყოფა, ეს არის მხოლოდ რუსთავი 2-ის ნარატივი. მსგავსი არ ყოფილა, მსგავსი დაჯგუფება, რომ ძველები და ახლები ცალ-ცალკე რაღაც თემებს ავითარებენ და ამაზე უპირისპირდებიან ერთმანეთში არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე გედევან ფოფხაძის გუშინდელ განცხადებასაც ეხმიანება, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის დამტკიცების გამო გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წასვლა დააანონსა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება გედი ფოფხაძის, მართლა ნაჩქარევი იყო,“ - აცხადებს მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, გედევან ფოფხაძესთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ირაკლი კობახიძის პოლიტიკური მმართველობის სტილს არ იზიარებს და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გუნდში კომუნიკაცია არ დგება.

დღის ამბები