16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - ასე აფასებს მმართველი პარტია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვის შესაძლებლობას

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვის შესაძლებლობას მმართველი პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც ევროპულმა გაერთიანებამ, შესაძლოა, არაწევრ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხზე იმსჯელოს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პროცესის დაწყებას მინიმუმ 3 ძირითადი გარემოება სჭირდება, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში არცერთი არ არსებობს და შესაბამისად, საფრთხეც მოხსნილია.

უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღებას რომ ხანგრძლივი პროცედურა, ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება, ამაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ. თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის მნიშვნელოვანი არა ბიუროკრატია, არამედ ისაა, რომ საქართველომ რეზოლუციაში ჩანაწერით პოლიტიკური გზავნილი მიიღო.

საფრთხის რეალურობაში დარწმუნებული არიან ოპოზიციის მეორე ნაწილში. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი ლიდერები ირწმუნებიან, რომ უვიზო მიმოსვლა გადაიხედება.

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადახედვაზე წინასწარ საუბარი და ამ თემაზე ოპოზიციის რეაქციები სახელისუფლებო პარტიისთვის ამორალური და უტოპიურია - ასე შეაფასა ოპონენტების განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებები მავნებლურია.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში უვიზო მიმოსვლის გადახედვის საკითხზე გაკეთებულ ჩანაწერს, შანტაჟის ენით საუბარს უწოდებს პრემიერ-მინისტრი.

ევროკავშირს უვიზო რეჟიმი 60 სახელმწიფოსთან აქვს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე არა წევრი სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინაშე დადგება, პროცესში მთავარი მოქმედი ორგანო ევროკომისიაა. სწორედ კომისია ამზადებს შესაბამის ანგარიშებს და შემდეგ მათ განსახილველად ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარუდგენს.

დღის ამბები