07 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
6 წუთი 9 კილომეტრიანი გზის გასასვლელად - აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალს კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დაემატა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალს კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დაემატა, რომელიც ავტომობილებს ჩქაროსნული გადაადგილების საშუალებას აძლევს. ზესტაფონის გვერდის ავლით მოქალაქეებს გადაადგილება უკვე დღეიდან შეუძლიათ.  

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური მონაკვეთი დღის სამ საათზე გაიხსნა. დღეიდან მძღოლებს ზესტაფონში შესვლა აღარ მოუწევთ და ახალი გზით, არგვეთას კვანძთან, პირდაპირ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე გავლენ. პროექტი ზესტაფონს სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს და მგზავრობის დროსაც შეამცირებს. ოფიციალური ინფორმაციით, შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.

ახალი 9 კილომეტრიანი მონაკვეთი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა გახსნა და რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა.

დღეს გახსნილი ახალი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა 4 გვირაბს და 11 ხიდს მოიცავს. 9 კილომეტრიანი გზა რიკოთის პროექტის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობაა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 და გაჭრილია ათი გვირაბი.

ზესტაფონის შემოვლითი გზა საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს გაზრდის და შეუფერხებელ მოძრაობას შეუწყობს ხელს. იგეგმება მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოწყობაც, განთავსდება სწრაფი კვების ობიექტებიც.

მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ 52 კმ-მდე გზა შენდება. პროექტი 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მაგისტრალური გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. დარჩენილ ხიდებსა და გვირაბებზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

დღის ამბები