16 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
კანონი, რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული - ნინო ვარდოსანიძე

"რაც შეეხება "გამჭვირვალობის" კანონს და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მცდელობას, ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს და განიხილება არაერთ, მათ შორის, ევროპულ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვათა შორის უფრო მკაცრი მექანიზმებით და რეგულაციებით, ვიდრე ეს ქართულ კანონპროექტშია და კანონისთვის სახელის ხელოვნურად დარქმევა არის დიდი სპეკულაცია“ - ამის შესახებ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრმა, ნინო ვარდოსანიძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო ვარდოსანიძის თქმით, სხვადასხვა მანიპულაციებით ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

მისივე თქმით, ობიექტურად დაინტერესებულ პირს შეუძლია შეამოწმოს ყველა სიტყვა, წაიკითხოს "გამჭვირვალობის" პროექტი, გაეცნოს სხვა ქვეყნების მაგალითებს და ნახავენ, რომ საშიში არაფერია.

"მართალია ძალიან მიყვარს თეატრი, მაგრამ აბსურდის თეატრს ვუყურებთ ჩვენ ახლა და ვხედავთ სხვადასხვა სახის მცდელობებს, რომ სხვადასხვა მანიპულაციით მოხდეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. მე მესმის ადამიანების, რომლებიც გარკვეულწილად დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან და ძალიან რთულია მყისიერად ყველა ინფორმაციის გადამოწმება. სამწუხაროდ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით სიცრუის გავრცელებას. ვნახეთ გუშინ კახი კალაძის ბრიფინგის შემდეგ ფაქტების და ინფორმაციის დამახინჯება და რთულია, მაგრამ ალბათ სწორია, რომ ყველა მსგავს შემთხვევაზე იყოს რეაგირება და სიცრუის მხილება. ობიექტურად დაინტერესებულ პირს, ახლავე შეუძლია შეამოწმოს ყველა სიტყვა, წაიკითხოს პროექტი, გაეცნოს სხვა ქვეყნების მაგალითებს და ვნახავთ რომ აქ არაფერი საშიში არ არის. საქმე არის მარტივად, კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული“-განაცხადა ვარდოსანიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე გამჭვირვალობაში თავად პრობლემას ვერ ხედავს. ასევე, ნინო ვარდოსანიძე 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის რიტორიკა და ჩვეული შეურაცხმყოფელი განცხადებები დამატებითი მოტივაცია იქნება ბევრისთვის.

"გამჭირვალობაში და ანგარიშვალდებულებაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება 29 აპრილის აქციას, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და იმ ღირებულებების მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ეროვნულობა და თავისუფლება. ოპოზიციის რიტორიკა და ჩვეული შეურაცხმყოფელი განცხადებები კი დამატებითი მოტივაცია იქნება ბევრისთვის. არ იფიქროთ, რომ ამით ვინმეს აზიანებთ, საკუთარი თავის და ისედაც დაბალი რეიტინგის გარდა“,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

დღის ამბები