27 აპრილი 2024,   04:46
ვრცლად
ბავშვის საოპერაციოდ შემოწირულობებით შეგროვებული 40 000 ლარი-თანხის ჩარიცხვების გამო ოჯახს დახმარება მოუხსნეს

რიგითი მოქალაქეების  დახმარებით შეგროვებული 40 ათასი ლარი ბავშვის ოპერაციისთვის და გაუქმებული დახმარება - 6 წლის ბარბარე პაპუნაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. საუბარია, ეტლით მოსარგებლე ბავშვზე, რომელზეც რეპორტაჟი P.S. –ში გავიდა. ბავშვს ხერხემლის თიაქარი, ტროპიკული წყლული და განგრენა ერთდროულად ჰქონდა.  მაშინ ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ბავშვის სამკურნალოდ 40 000 ლარი შეგროვდა. წარმატებული ოპერაცია ბარბარეს თურქეთის ქალაქ მალატიას კლინიკაში ჩაუტარდა. ბავშვი  ფეხის ამპუტაციას გადაურჩა, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილებას მხოლოდ რეაბილიტაციის გავლის შემდეგ შეძლებს, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

პაპუნაშვილების ოჯახის ერთადერთი იმედი სოციალური დახმარება იყო. თვეში 440 ლარი, რომლითაც ბარბარეს რეაბილიტაციის საფასურს გადაიხდიდნენ, თუმცა თურქეთიდან დაბრუნებულმა  ოჯახმა შემთხვევით გაიგო, რომ ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა.

სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი სწორედ ის ჩარიცხული თანხები აღმოჩნდა, რომლითაც 6 წლის ბარბარემ თურქეთის კლინიკაში გამგზავრება და ოპერაციების გაკეთება შეძლო.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ბარბარეს ისტორია იციან, თუმცა ვერაფერს შეცვლიან, რადგან 6-სულიან ოჯახს საარსებო წყარო პროგრამამ ავტომატურად მოუხსნა.

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი.

დღის ამბები